ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო ფესტივალი „ვაზი, ხორბალი, მემკვიდრეობა“, „აკადემიური წიგნის ფესტივალი“ გაიხსნა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს ეძღვნება.
ფესტივალი, რომელიც თბილისის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით ტარდება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინიციატივით იმართება.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა, აღნიშნა, რომ ღონისძიება ქართულ ხორბალს, ღვინოსა და აკადემიურ წიგნს აერთიანებს - სამ მიმართულებას, რომლებიც ქართული კულტურის, მეცნიერებისა და ეროვნული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ივანე ჯავახიშვილის 150 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციას - „ვაზი, ხორბალი მემკვიდრეობა“ - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართული კულტურის, ჩვენი ვაზისა და ხორბლის მნიშვნელობა კაცობრიობის ისტორიისთვის განუზომელია.
მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ამ საკითხებზე და მზად ვართ ეს მომავალშიც გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მსგავს მნიშვნელოვან საქმიანობასა და კვლევებს საუნივერსიტეტო სივრცეში“, - განაცხადა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ბექა დავითულიანმა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, კი მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ფესტივალი, რომელიც ქართული აგრარული და სამეცნიერო ტრადიციების პოპულარიზაციას და ქართული ენდემური კულტურებისა და აკადემიური მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
„დარწმუნებული ვარ, რომ ფესტივალი, რომელიც თბილისის საკრებულოს, მერიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით იმართება, კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს ივანე ჯავახიშვილის იდეებს და მომავალ თაობებს ქართული კულტურით, ისტორიითა და ჩვენი იდენტობით კიდევ უფრო მეტად დააინტერესებს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ფესტივალის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა და თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა მიმართეს.
ფესტივალი ორდღიანია. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართული ხორბლის ენდემური ჯიშები, ტრადიციული პურის დეგუსტაციები, ღვინის გამოფენა-გაყიდვა, მეღვინეთა პრეზენტაციები, საჯარო ლექციები და დისკუსიები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, სტუდენტები, ფერმერები, მეღვინეები და სხვადასხვა აკადემიური თუ აგრარული სფეროს წარმომადგენლები.
ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იქნება სპეციალური ღვინის - „ივანე ჯავახიშვილის სახელობის ღვინის“ - პრეზენტაცია, რომელსაც საოჯახო მეურნეობა „მილდიანი“ წარმოადგენს.
კონფერენციაზე მოხსენებებს წარადგენენ ქართული ხორბლის, მეღვინეობისა და აგრობიომრავალფეროვნების სფეროს წამყვანი სპეციალისტები, მათ შორის ლალი მესხი, ლევან სილაგავა, ლევან უჯმაჯურიძე, გიორგი ანდრიაძე, ცოტნე სამადაშვილი, თეკლე ზაკალაშვილი და სხვა მოწვეული სპიკერები. განხილვის თემები შეეხება ქართული ხორბლის გენომურ ევოლუციას, ვაზის in vitro გამრავლებას, მევენახეობის კულტურულ მნიშვნელობასა და თანამედროვე აგრარულ გამოწვევებს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება აკადემიური წიგნის ფესტივალიც, სადაც წარმოდგენილი იქნება ბოლო წლების სამეცნიერო და საგანმანათლებლო გამოცემები, წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები ავტორებთან.