საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების ფარგლებში, გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა ქალაქ ბორჯომში.
კომიტეტის წევრები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაწესებულების ადგილობრივ ფილიალს ესტუმრნენ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებსა და სასწრაფო დახმარების ავტოპარკის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. განიხილეს სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული საკითხები. დაწესებულების ხელმძღვანელმა სტუმრებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის ეფექტიანობის ზრდაზე, არსებულ გამოწვევებსა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
სამუშაო შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც რეგიონებში ჯანმრთელობის დაცვის სექტორის გაძლიერებასა და მიმდინარე რეფორმების ეფექტიანობაზე ისაუბრეს.