„გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი. ზოგადად, ამ პროექტის განხორციელება საქართველოს გარეშე წარმოუდგენელი მგონია“, - ამით თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიის საქართველოს გარეშე განხილვა შეაფასა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არის სიცრუეზე, შანტაჟსა და მუქარაზე დაფუძნებული დამოკიდებულება.

„ეს უბრალოდ არის პოლიტიკური ნარატივი, მტრული გამოხატულება და დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, სიცრუეზე, ცილისწამებაზეა დაფუძნებული. შანტაჟი, მუქარა - ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ამას ვხედავთ ბოლო წლებში კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან.

ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ყველამ კეთილი უნდა ინებოს   და პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას.

ვინც არ უნდა იყოს, კალასი იქნება თუ სხვა რომელიმე თანამდებობის პირი, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ სახელმწიფოებრიობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა დიალოგისთვის, თუმცა უშედეგოდ.

„ჩვენ ვხედავთ, როგორია მათი ენა, არანაირი საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ მუქარები და შანტაჟი. ამდენი ხნის განმავლობაში არავის დაუყენებია საკითხი დიალოგის გამართვის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრჯერ გამოვთქვით მზადყოფნა დიალოგისთვის და მზად ვართ მოვისმინოთ კონკრეტული არგუმენტები. ესეც გასაგებია, რადგან არანაირი არგუმენტი არ არსებობს, მხოლოდ უნდათ გადატეხვით, მუქარებითა და შანტაჟით მიიღონ გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით. არ გამოვა ეს დამოკიდებულება და ეს ურთიერთობები ამ ფორმით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მან ისაუბრა ქართველი ხალხის არჩევანზე, რომელიც მან საპარლამენტო არჩევნებისას გააკეთა და განაცხადა, რომ დღეს „ქართული ოცნება“  ქართველ ხალხს წარმოადგენს.  

„საქართველოში ხელისუფლებას ირჩევს ქართველი ხალხი. დღეს „ქართული ოცნება“ წარმოადგენს ქართველ ხალხს, რადგან საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“.   

ჩვენ გვესმის და ვხედავთ მათ არასამართლიან პოლიტიკას და დამოკიდებულებას, რაც ამ კონკრეტულ პოლიტიკოსებს აქვთ. დღეს ევროპული ბიუროკრატია არის ძალიან მძიმე კრიზისში. თუნდაც ჰკითხეთ ევროპულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ევროპელ ბიუროკრატებთან. ჩვენ გვაღელვებს, თუ როგორ იქცევიან ჩვენი ქვეყნის მიმართ და ეს უსამართლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.