„როგორც ვხედავთ, ევროპულ ქვეყანაში, გერმანიაში სოციალურ ქსელში ბულინგი და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ გერმანიაში, შეურაცხმყოფელი ფეისბუკ პოსტისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას.
მისი თქმით, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებთან ბრძოლა დაიწყო, ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად წარმოაჩინეს.
„ზოგადად, სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისევე, როგორც საქართველოში სამწუხარო რეალობად იქცა ის, რომ სოციალურ ქსელში ქვეყნდება განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტიპის განცხადებები, მესიჯები, მიმდინარეობს ბულინგი. ეს კატეგორიულად მიუღებელია.
როდესაც ჩვენ ამასთან ბრძოლა დავიწყეთ, გვახსოვს, თუ რა განცხადებები კეთდებოდა - ეს შეაფასეს, თითქოს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ვიყავით, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია, არანაირად შეზღუდული არ არის, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერების, კანონის ფარგლებში და არა შეურაცხყოფის მიყენებითა და ბილწსიტყვაობით.
თქვენ ნახეთ, რომ ევროპულ ქვეყანაში – გერმანიაში ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული იმიტომ, რომ ძალიან მძიმეა, როდესაც სოციალურ ქსელში მიმდინარეობს ადამიანის მიზანმიმართული ბულინგი და შეურაცხყოფა. ასეთ ფაქტებს ყველგან აქვს შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.