"ჩვენი პასუხი კრიტიკაზე, მათ შორის, უცხოური მედიის მხრიდან, არის ძალიან მარტივი - ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ვვითარდებით", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ფრანგული გამოცემა „ლე მონდის“ სტატიას, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციებს და ქართული ხელისუფლების კრიტიკას ეხება, კახა კალაძის თქმით, კარგად იცის, როგორ იმართება ეს ყველაფერი.

"მე საერთოდ არ მაინტერესებს მათი შეფასებები, რადგან მეც და ქართველი ხალხის უმრავლესობამაც ძალიან კარგად ვიცით, როგორ იმართება ეს ყველაფერი.

ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე არის ძალიან მარტივი - ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ვვითარდებით. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი სწორედ ეს ნაწილია, რომ  აბსოლუტურად ყველა პარამეტრით ქვეყანა წინ მიდის. ცხადია, არსებობს გამოწვევები, მაგრამ ჩვენ ამას არ ვუშინდებით. ჩვენ ძალიან  კარგად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლებში, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი იყოს და  ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კეთილდღეობა უფრო მეტად იგრძნოს", - განაცხადა კახა კალაძემ.