გამოქვეყნდა ახალი ინდიკატორი, რომელიც ქვეყნებისა და მათი მაცხოვრებლების სიმდიდრეს ზომავს. შედეგებმა განსაკუთრებით მიიპყრო ფრანგული და იტალიური მედიის ყურადღება, რადგან მსოფლიოს ტოპ-ათეულში ვერც საფრანგეთი მოხვდა და ვერც გერმანია.
კეთილდღეობის ეს ინდექსი პლატფორმა Hellosafe-მა შეიმუშავა და აანალიზებს, თუ რამდენად აისახება ქვეყნის სიმდიდრე თითოეულ მოქალაქეზე. ამ რეიტინგში საფრანგეთი მე-20 ადგილს იკავებს, რაც, ავტორების თქმით, „კეთილდღეობის მყარ დონეზე მიუთითებს, თუმცა საგრძნობლად ჩამორჩება ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს“.
სიმდიდრე თუ ბედნიერება - რა არის უფრო მნიშვნელოვანი?
მოცემული ინდიკატორი ამ ორ ცნებას აერთიანებს, ან მინიმუმ იმას იკვლევს, თუ რამდენად ხმარდება წარმოებული დოვლათი მოსახლეობის ფართო ფენებს.
ფინანსური სერვისების საძიებო პლატფორმა Hellosafe მიიჩნევს, რომ მხოლოდ „მშპ ერთ სულ მოსახლეზე“ ვერ ასახავს რეალურ სურათს, რადგან ეს მაჩვენებელი ეყრდნობა დაშვებას, თითქოს ეროვნული პროდუქტი მოსახლეობაზე თანაბრად ნაწილდება.
Hellosafe-ის „კეთილდღეობის ინდექსი“ 50-ზე მეტ ქვეყანას 100-ქულიანი სისტემით აფასებს. რეიტინგი ეყრდნობა ისეთ მონაცემებს, როგორიცაა: შემოსავლები, უთანასწორობა და ადამიანური განვითარება.
კვლევა იყენებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), Eurostat-ისა და OECD-ის მონაცემებს.
ამ მეთოდოლიგიით, საფრანგეთი და აშშ ათეულს მიღმა დარჩნენ.
ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მსოფლიოს უმდიდრეს სახელმწიფოებად ითვლებიან, რეიტინგში პოზიციებს კარგავენ.
• აშშ: მშპ-ს მიხედვით მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანაა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით მე-10 ადგილზეა. თუმცა, კეთილდღეობის ამ ინდექსში იგი მე-17 ადგილამდე დაქვეითდა. ამის მიზეზი „შეფარდებითი სიღარიბე და უთანასწორობის მაღალი დონეა“.
• საფრანგეთი:
მთლიანი მშპ-თი მსოფლიოში მე-7 ადგილზეა, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე გათვლილი მშპ-თი 23-ე ადგილზე გადადის. Hellosafe-ის რეიტინგში საფრანგეთმა ძლივს მოახერხა მე-20 ადგილის დაკავება.
ანგარიშის მიხედვით, საფრანგეთის მაჩვენებელი სტაბილურია, თუმცა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ფონზე, სადაც სიმდიდრის განაწილების უფრო ეფექტური მოდელები არსებობს, ის მაინც დაბალია.