კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებში მომზადდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობისა და მისი მეორე კორპუსის კონსერვაცია-რესტავრაციისა და თანამედროვე მუზეუმის ფუნქციებთან ადაპტაციის საპროექტო დოკუმენტაცია.

პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ხელოვნების მუზეუმის შენობის კონსერვაცია, რესტავრაცია და სტრუქტურული გამაგრება მისი ავთენტური არქიტექტურული სახისა და ისტორიული ქსოვილის დაცვით, ასევე, თანამედროვე მუზეუმის სტანდარტებთან შესაბამისი ფუნქციური ადაპტაცია.