ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ კიკნაძე, ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორთან გიორგი კალანდიასთან და მხატვრის შვილიშვილთან, ბრუნო ვეფხვაძესთან ერთად დაესწრო.

„ხელოვნების სასახლეში ქართველი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენას ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ეს მხატვრის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენაა. საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა, რომ ერთ სივრცეში იხილოს ალექსი ვეფხვაძის მრავალწლიანი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი გამოფენის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის. ასეთი გამოფენები მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის იმ ხელოვანების ნამუშევრების გასაცნობად, რომლებმაც გამორჩეული როლი შეასრულეს ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შექმნაში.  ალექსი ვეფხვაძე სწორედ ასეთ შემოქმედთა რიცხვს მიეკუთვნება. დარწმუნებული ვარ, ხელოვნების მოყვარულთათვის ეს გამოფენა საინტერესო იქნება“, - განაცხადა მიხეილ კიკნაძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებული 30-მდე ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც გამოირჩევა მაღალი პროფესიული ოსტატობით, სახეების ფსიქოლოგიური სიღრმითა და აკადემიური სიზუსტით.

ისტორიული ჟანრის გარდა, მხატვარმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა პორტრეტულ ხელოვნებაში, ასევე, წიგნის გრაფიკაში, რითაც ხელი შეუწყო ქართული საგამომცემლო საქმის განვითარებას. 

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი ალექსი ვეფხვაძის გამოფენას 25 სექტემბრამდე უმასპინძლებს.