ხვალ დინამო არენაზე უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ერთმანეთს საქართველოს და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

დინამო არენაზე გასამართ მატჩისწინა ვარჯიშამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ და ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. 

„პირველ რიგში, როცა გავიგეთ რომ გულშემატკივრების გარეშე მოგვიწევდა თამაში, რა თქმა უნდა პრობლემა იყო. მოგვიანებით გავიგეთ, რომ თამაშს ბავშვები დაესწრებიან. ყველაზე მეტ სითბოს ვგრძნობთ ბავშვებისგან და იმედი გვაქვს და გპირდებით, რომ გახარებულები წავლენ სახლებში.

მიხარია, რომ ჩემს ძმას, თორნიკეს ვხედავ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში. ვუსურვებ, რომ ისე განვითარდეს მისი კარიერა, როგორც თვითონ სურს და წარმოუდგენია. იმედი მაქვს, რომ ჩემზე წარმატებული ფეხბურთელი იქნება.

სასიამოვნოა, რომ წარდგენილი ვარ ოქროს ბურთის ჯილდოზე და უკვე წარმატებაა, როცა ისეთი ფეხბურთელების გვერდით გასახელებენ, როგორი ნომინანტებიც არიან. წინა წელს საუკეთესო წელი მქონდა კარიერაში, მაგრამ უკეთესის იმედი მაქვს. პატარა ქვეყნის ფაქტორზე ვიტყვი - ძალიან მიხარია რომ ქართველი ვარ და ქართველ ბავშვებს უჩნდებათ იმედი, რომ აქვთ შანსი მიაღწიონ ყველა მიზანს პატარა ქვეყნიდან" - განაცხადა ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის ოთხ შეხვედრას გამართავს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან და უკრაინასთან საშინაო მატჩების შემდეგ, ჩვენი გუნდი უნგრეთს ესტუმრება, შემდეგ კი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ბელფასტში დაუპირისპირდება.