კრწანისის რაიონში, ლომინაძის ხევში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია მოსახლეობისთვის უხვი ნალექის დროს პრობლემას წარმოადგენდა.

„ლომინაძის ხევის გარკვეულ მონაკვეთზე სანიაღვრე კოლექტორი მოეწყობა. აღნიშნული  მონაკვეთი წლების განმავლობაში წარმოადგენდა პრობლემურ ზონას - არსებობდა ღია ხევი, მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემა, უხვი ნალექის დროს კი წყალი უკონტროლოდ მიედინებოდა. პროექტის ფარგლებში, 377 მეტრი სიგრძის ხევში მომდინარე წყლის ნაკადი 1 500 მმ დიამეტრის მილებში მოექცევა. სამუშაოები დაწყებულია. პირველ რიგში, სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე ინფრასტრუქტურა აღნიშნულ არეალში და უზრუნველყოფილი იქნება წყლის ნაკადის უსაფრთხო და ორგანიზებული გატარება. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ  ტერიტორია იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტს კრწანისის რაიონის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც, დაახლოებით, 1 500 000 ლარი დაიხარჯება.