ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ კოლეჯის დირექტორისგან ნადეჟდა მანჯავიძისგან მოისმინა.

გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, სულხან ცინცაძის სახელობის კოლეჯი ათწლეულების განმავლობაში ემსახურება ქართული მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და პროფესიონალი მუსიკოსების აღზრდას.

„კოლეჯის მრავალწლიანი საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად, ყველა იმ საჭიროების ეტაპობრივ დაკმაყოფილებაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა, რაც არსებობს. სასწავლებლის ინფრასტრუქტურა გასაახლებელია, რაზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს. გარდა ამისა, ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია მოსწავლეებს ხარისხიანი სახელოვნებო განათლების მიღების და შემოქმედებითი პოტენციალის სრულად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. სახელოვნებო სასწავლებლებს თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამები უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამუსიკო კოლეჯის შენობაში დაგეგმილია ინტერიერისა და ფასადის აღდგენა; საკონცერტო დარბაზის განახლება; ინკლუზიური გარემოს სრული უზრუნველყოფა, რათა მუსიკალური განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის.

კოლეჯში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი  კონსტანტინე ბუზალაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.