საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძე კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურ მდივანს, პროფესორ იგნასიო ტირადოსა და გენერალური მდივნის მოადგილეს, პროფესორ ანა ვენეციანოს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს მიერ UNIDROIT-ის (1995 წლის) „მოპარული, ან უკანონოდ გატანილი კულტურული ობიექტების შესახებ” კონვენციის რატიფიკაციის საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო კონვენციის პირობებსაც. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს უფრო მეტად გააღრმაონ თანამშრომლობა საქართველოსა და UNIDROIT-ს შორის.
კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტი (UNIDROIT) დამოუკიდებელი მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია სახელმწიფოებსა და სახელმწიფოთა ჯგუფებს შორის კერძო და სავაჭრო სამართლის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის, ჰარმონიზაციისა და კოორდინაციის საჭიროებებისა და მეთოდების შესწავლა, ასევე, ამ მიზნების მისაღწევად ერთიანი სამართლებრივი ინსტრუმენტების, პრინციპებისა და წესების შემუშავება. ორგანიზაცია ამჟამად მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონიდან 65 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს.
შეხვედრას საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი შორენა ციცაგი ესწრებოდნენ.