ამ ორი თვის განმავლობაში სათქმელი დამიგროვდა და მინდა, პოზიცია გამოვხატო, ანალიზი გავაკეთე. მინდა, სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ქვეყნის უკეთესი მომავალი სურთ და ციხეში არიან გამოკეტილი, მინდა, სასამართლოს, საზოგადოებას სხვა რამ დავანახო. სასამართლო არ უნდა იყოს დაწესებულება, სადაც ადამიანი ელოდება, რომ აიყვანენ და ჩამოახრჩობენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
"როცა აქ მოვდივარ, მინდა, 0,5% მაინც მქონდეს იმედი, რომ სამართალს ვიპოვი. როცა ჩემზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ ასობით დატყვევებულ ადამიანზე. სასამართლოს ლეგიტიმაცია იმისთვის კი არ მივეცით, დაგვსაჯეთ, დილეგებში ჩაგვყარეთო, რამდენი ადამიანი მოწყვტეთ შვილებს, ოჯახებს, სამართალი ჰუმანური უნდა იყოს. ვერ ვპოულობ სამართალს, რისთვის ვზივარ ორი თვეა, ბრალად რა მედება? რამე მოქმედება მედება ბრალად? პოლიტიკოსს, ლევან ხაბეიშვილს პოლიტიკური განცხადებები ედება ბრალად? თუკი ხელისუფლებაში მოვიდოდი, დაჯილდოვდებოდნენ. პოლიტიკური დაპირება, არ შეიძლება, ქრთამად ჩაითვალოს. პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების გამო ტუსაღობაში იყოს, გაუგებარია. თუ ვიტყოდი, კონსტიტუციური წყობილება არ მომწონს, დავამხოთ-მეთქი, კი ბატონო, ეს იქნებოდა დამხობა. გინახავთ ლოზუნგი „ცეცხლი ოლიგარქიას“, ეს იმას ნიშნავს, რომ ცეცლხით უნდა გადავწვათ? გსმენიათ ლოზუნგი, „სისტემა უნდა დაინგრეს“, თქვენ რა გგონიათ, პერფერატორით უნდა დავანგრიოთ? მადლობა პროკურატურას, ფაქტობრივად, მაგისტრატურაზე ვარ რუსთავის დაწესებულებაში, იმდენ ლიტერატურას გავეცანი. ორი შვილი მყავს, მათაც დაააკლდათ მამა. როგორ შეიძლება ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებისთვის საშიში იყოს? ღარიბაშვილი კორუფციონერია-მეთქი რომ ვამბობდი, შე მასხარა, მატყუარაო, ამბობდნენ. მოვიდა აქ, თავი ჩახარა, კი, გავაკეთეო. არ შეიძლება სამართალი ადამიანის გაჭყლეტაზე, გასრესვაზე და იმაზე იყოს დაფუძნებული, ვინ რა დავალებას მისცემენ. ფარცხალაძეზე რომ ვამბობდი, „ეფესბეს“ აგენტია, მასხარაა, კეზერაშვილმა დააფინანსაო, ჩემზე ამბობდნენ. მიქაუტაძეზე რომ ვთქვი პარლამენტში, ეს როგორ მოიყვანეთ-მეთი, ოთხ წელში დააკავეს“.
არანაირი იმედი არ მაქვს, ჩემი ორი ფანჯარა ღია დავტოვე, რომ ჰაერი შევიდეს. ხომ ხართ მოსამართლე? დამანახეთ სად არის ეს სამართალი. პროკურორი ამბობს, ხაბეიშვილის მიმალვის საფრთხეაო, ანეკდოტია. საჯაროდ გავაკეთე ყველა განცხადება, რა უნდა გავანადგურო, ტელეფონი გახსნან, განვადებით მქონდა ნაყიდი, წაიღეს და ვერ გახსნეს. ადამიანი უნდა მორბოდეს სასამართლოში, მისი დანახვა უნდა უხაროდეს. იცით, რაშია საქმე? საზოგადოებას სძულს, ეზიზღება სასამართლო. სად არის ქრისტიანობა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში? მე ნაწამები ვარ. გაგიკვირდებათ და დაზარალებულად ვარ ცნობილი. გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე. ჩემს პოლიტიკურ განცხადებაზე უნდათ, პასუხი მაგებინონ და აქამდე არავინ დაუკავებიათ, მე ადამიანი არ ვარ? ვენდეტა არაა, ჩემი წამების საქმეში ვინც მიიღო მონაწილეობა? ხარებაა თუ ვინცაა. ვმუშაობ, რომ შურისძიება არ მამოძრავებდეს. ჩემი შვილები 16 და 14 წლის არიან, იცით, რა ვუთხარი? რომ შურისძიება არ განიზრახონ, ეს გულში არ ჩაიდონ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შამათავამ ლევან ხაბეიშვილისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და უცვლელად დატოვა 2025 წლის 13 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლომ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა.
ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
შეგახსენებთ, "იგი დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 სექტემბერს და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს“, – განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.