"26 მაისი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. მე ასე ვუყურებ, რომ 9 აპრილი არის დამოუკიდებლობის და 26 მაისი არის საქართველოს თავისუფლების დღე. ამ ყველაფერთან ერთად, ეს არის მერაბ კოსტავას დაბადების დღეც. 26 მაისი გვეკუთვნის ყველას." – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა  ლევან სანიკიძემ განაცხადა.

"„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რა სახელიც არ უნდა შეეცვალოს სალომე ზურაბიშვილის გარშემო არსებულ რაღაც შეკრებებს, ჯერჯერობით მონაწილეობის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ. ჩვენ ამის თანამონაწილენი ხუთი თვის განმავლობაში ვიყავით. 26 მაისს ვიქნებით რუსთაველის გამზირზე და ეს არ იქნება რაღაც მანიფესტური ხასიათის.

26 მაისი სახალხო ზეიმის დღეა, ჩვენ უნდა დავიცვათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რაც მივიღეთ ჩვენი წინაპრებისგან. არავის აკრძალვა არ უნდა მოხდეს, ყველას, ვისაც აქვს სურვილი, უნდა იყოს ამ სახალხო ზეიმის მონაწილე. უბრალოდ, თავად „ოცნებისგანაც“ უცნაური იყო გადაწყვეტილება, რომ საზეიმო ღონისძიებას ატარებენ ორბელიანზე და არა რუსთაველზე. ეს მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსთაველის გამზირზე არ უნდათ, თუმცა ვერავის დავუშლით იქ მისვლას და მონაწილეობას. არავის საწინააღმდეგო დღე არ უნდა იყოს, ეს თარიღი გვეკუთვნის ყველას და ვინც არ იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული, ერთიანი, ძლიერი, რა თქმა უნდა, მათ არაფერი ესაქმებათ და არც მოვლენ. ალბათ მათთვის ტრაგიკული თარიღია და დარწმუნებული ვარ, 25 თებერვალს ზეიმობენ“, – განაცხადა სანიკიძემ.