ქართული კრივის უძველესი წარმოშობაზე მეტყველებს არქეოლოგიური მასალა - ვანის ნაქალაქევში ნაპოვნია ძვ. წ. III სკ-ის სკულპტურის ფრაგმენტი – მოკრივის მარჯვენა ხელი ტყავის თათმანით.
კრივი იმთავითვე უმნიშვნელოვანესი სამხედრო დისციპლინა იყო. შემდგომშიც მრავალი ისტორიული და ლიტერატურული წყარო ეხება კრივის თემას, ხოლო სულხან-საბას ლექსიკონი ფრიად უნიკალურ ინფორმაციას გვაწვდის ამ კუთხით,
კრივის პოპულარობაზე ჩვენში მეტყველებს მის სახეობათა მრავალფეროვნებაც.
ქართული კრივის გამოჩენილი წარმომადგენლების სახელები სამწუხაროდ მხოლოდ 19 საუკინიდან შემოგვრჩა ძველ თბილისში განთქმული ფალავნები ყოფილან: ლოხოშა, ჭიანუა, კუნძუა, ყოჩნიკუა, გიჟვანუა, კურკა და სხვანი.
ვაჟა-ფშაველას თანამედროვთა მოგონებებით ვიცით, რომ იგი კრივის უბადლო ოსტატიც იყო.
ქართული საბრძოლო ხელოვნების უნიკალურ სახეობათა აღდგენაზე ზრუნვა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ენთუზიასტთა ჯგუფმა კახაბერ ზარნაძის თაოსნობით. მათ მიერვე 2018 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს სპორტის ტრადიციული სახეობებისა და თამაშების ასოციაცია, სადაც გაერთიანდა ამ საქმის მოყვარულთა სამივე თაობა. მათი ძალისხმევით ინტენსიურად გრძელდება ქართული კრივის აღდგენის, სისტემატიზაციისა და პრაქტიკული დამუშავების პროცესი.
თბილისის მერიის დახმარებით 2022 წელს ჩატარდა კახაბერ ზარნაძის სახელობის 1 ტურნირი ქართულ კრიობაში, რომლით დაინტერესებამაც პირველივე შეჯიბრიდან მოლოდინს გადააჭარბა და მონაწილეობის მსურველთა მოთხოვნით ასოციაცია წელიწადში ორჯერ (გაზაფხულსა და შემოდგომაზე) მაინც მართავს შეჯიბრებებს ამ უნიკალურ სახეობაში.
აღსანიშნავია 2022-2023 წლებში ასოციაციის ნაკრების გუნდის „მემეტეს“ წევრების მიღწევები „წესებს გარეშე ორთაბრძოლების“ სხვადასხვა სახეობების, სამოყვარულო და პროფესიული „ბოქსის“ საერთაშორისო ტურნირებზე: ლუკა გიორგაძე (ჩემპიონი MMA-ში 66 კგ. წონით კატეგორიაში), სანდრო ჯაჯანიძე (ფინეთში, პროფესიონალურ ბოქსში საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლის გამარჯვებული), ესტონეთში გიორგი ტაბატაძემ ორგანიზაცია XFS ეგიდით გამართულ სარეიტინგო ბრძოლაში გაიმარჯვა.
9 მარტს, 19:00 საათზე, „ვერის ბაღის“ საკალათბურთო დარბაზში ჩატარდება თბილისის საერთაშორისო ტურნირი „კრივობაში“, სადაც იასპარეზებს 13 სპორტსმენი საქართველოდან, მათ შორის არიან საქართველოს სპორტის ტრადიციული სახეობებისა და თამაშების ასოციაციის ნაკრები გუნდის „მემეტეს“ წევრები დიმიტრი ბოლქვაძე და აკაკი ჩიხაშვილი, 2 სპორტსმენი საფრანგეთიდან და ერთი რუმინეთიდან. ტურნირში მონაწილე სპორტსმენები წარმოადგენენ სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების სკოლებს, როგორებიცაა: ქართული საბრძოლო ხელოვნება, MMA, კიკბოქსინგი, ბოქსი, მუაი-ტაი და ა.შ.
ტურნირი ეძღვნება ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის, ორგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონის ლევან თედიაშვილის ხსოვნას.
ტურნირის პირდაპირი ტრანსლაცია იწარმოებს კრიობის ოფიციალურ სოც. ქსელების გერდებზე (ფეისბუქი და იუთუბი) ასევე MMA Georgia ფეისბუქ გვერდზე.