პარტია "ფედერალისტების" წევრი, ლიკა გახარია,საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"კობახიძის მიერ გუშინ გამოცხადებული განათლების რეფორმის პაკეტის ანალიზი პოლიტიკურ, ინსტიტუციურ, სოციალურ და განათლების პოლიტიკის ჭრილში შემდეგ სურათს აჩვენებს:
პოლიტიკურ-სტრატეგიული თვალსაზრისით ეს არის ცენტრალიზაციის გაღრმავება.
ყველა ინიციატივა, იქნება ეს გრანტების ერთგვაროვნება, ფაკულტეტების კონცენტრაცია, უცხოელი სტუდენტების შეზღუდვა თუ სწავლების 11-წლიან მოდელზე დაბრუნება - ემსახურება ერთსა და იმავე მიზანს: სახელმწიფოს, უფრო სწორად კი აღმასრულებელი ხელისუფლების, კიდევ უფრო მკაცრ კონტროლს განათლების სფეროზე.
მართალია გრანტის ერთგვაროვნება ზღუდავს უნივერსიტეტების ფინანსურ დამოუკიდებლობას და როდესაც ყველა სტუდენტი ერთსა და იმავე დაფინანსებას იღებს, უნივერსიტეტები კარგავენ კონკურენციის მოტივაციას და იძულებულნი არიან, მთავრობის პოლიტიკას მოერგონ, რათა ფინანსურად გადარჩნენ - შედეგად, განათლების ხარისხი კიდევ უფრო ეცემა, თუმცა, “გადასინჯვის“ იდეამ, ერთის მხრივ, შეიძლება შექმნას დიფერენცირებული დაფინანსების მოდელი, რაც უფრო სამართლიანად ასახავს პროგრამების ღირებულებას, მაგრამ მეორე მხრივ, ეს სისტემას ხდის დამოკიდებულს სახელმწიფოს პრიორიტეტებზე - უნივერსიტეტებს შეიძლება მოუხდეთ დაფინანსების მისაღებად საკუთარი პროგრამების შინაარსი მოარგონ მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგს.
ფაკულტეტების კონცენტრაცია ერთ უნივერსიტეტში წარმოადგენს აშკარა მონოპოლიზაციის პოლიტიკას - ერთი ცენტრი, ერთი ნარატივი, ერთი აკადემიური კონტროლი.
ეს ქმნის საფრთხეს, რომ კრიტიკული აზროვნების კერები ადვილად ჩაიხშოს, განსაკუთრებით იმ უნივერსიტეტებში, სადაც ხშირად იბადება ხელისუფლებისადმი კრიტიკული აზრი, მაგალითად, ილიაუნში.
ასე იქმნება „აკადემიური ვერტიკალი“ - მმართველობის მოდელი, რომელიც ავტორიტარულ სისტემებს ახასიათებთ: განათლება აღარ არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, ის მმართველობის გაგრძელება ხდება.
განათლების პოლიტიკის თვალსაზრისით ეს ნაბიჯები დეგრადაციისა და იზოლაციისკენ მიდის.
სწავლების 11-წლიან სისტემაზე დაბრუნება ნიშნავს საგანმანათლებლო რეგრესს.
ეს მოდელი 2000-იან წლებში შეწყდა, რადგან ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ატესტატი - 12-წლიანი საშუალო განათლება - აუცილებელია ბაკალავრიატის საგრანტო და სერტიფიცირების სისტემებში მონაწილეობისათვის.
დაბრუნება 11-წლიან მოდელზე ნიშნავს ფაქტობრივად ნაბიჯის გადადგმას განათლების ევროპული სივრციდან გამოსვლისკენ.
როცა პრემიერმა განაცხადა, რომ ეს კეთდება „იმისთვის, რომ ახალგაზრდები არ წავიდნენ ქვეყნიდან“, მან რეალურად აღიარა, რომ მიზანი იზოლაციაა და არა ხარისხის გაუმჯობესება.
სხვა სიტყვებით, ეს არის ბარიერის აშენება განათლებაზე წვდომისთვის, რათა ახალგაზრდებმა ვერ შეძლონ სისტემიდან „გაქცევა“.
ინსტიტუციური შედეგი - უნივერსიტეტების ავტონომიის განადგურება.
საქართველოს კონსტიტუციით უნივერსიტეტებს გარანტირებული აქვთ აკადემიური თავისუფლება.
თუმცა თუ სახელმწიფო განსაზღვრავს, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტი ჰქონდეს, ადგენს დაფინანსების ერთიან ფორმულას და ზღუდავს საერთაშორისო ურთიერთობებს, ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუციური ავტონომია პრაქტიკულად ქრება.
ასეთ პირობებში უნივერსიტეტები აზროვნების დამოუკიდებელ ცენტრებად აღარ დარჩებიან - ისინი მთავრობის პოლიტიკის გამტარებად იქცევიან.
შედეგად იქმნება „სახელმწიფო ერთპოლარული განათლების სისტემა“, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის ტიპური მოვლენაა.
სოციალური და ეკონომიკური შედეგები - უთანასწორობის გაღრმავება.
როდესაც პრემიერმინისტრი ამბობს, რომ „ვისაც ძალიან ენდომება (ანუ ფული ექნება), იმან მე-12 კლასი უცხოეთში დაასრულოს“, ის პირდაპირ აღიარებს, რომ განათლება ელიტარულ სიკეთედ იქცევა.
ეს მიდგომა არღვევს სოციალური სამართლიანობის პრინციპს: სახელმწიფო აღარ უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარ შესაძლებლობებს, არამედ ქმნის სისტემას, სადაც დაბალშემოსავლიანი ახალგაზრდები გარიყული არიან გლობალური კონკურენციიდან.
გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გამოიწვევს ტვინების გადინებას და აკადემიურ სიღარიბეს.
მთავრობის დეკლარირებული მიზნის -„ახალგაზრდები არ უნდა წავიდნენ“ - საპირისპიროდ, შედეგი იქნება ის, რომ ვინც შეძლებს - წავა და აღარ დაბრუნდება, ხოლო ვინც ვერ წავა - დარჩება სტაგნაციურ სისტემაში, რომელიც ინოვაციას და დამოუკიდებელ აზროვნებას არ აძლევს გასაქანს.
ასე ყალიბდება არა მხოლოდ „brain drain“, არამედ „brain stagnation“-იც - მდგომარეობა, სადაც ქვეყანა კარგავს როგორც გონებრივ პოტენციალს, ასევე განვითარების პერსპექტივას".- წერს ლიკა გახარია.