საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა ახალგაზრდა პარლამენტარების რიგით მე-12 გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობენ.

კონფერენცია თემაზე - “ადამიანის უფლებების, სამართლიანობისა და ღირსების დაბრუნება ყველასთვის რთულ დროში“ 4-6 სექტემბერს, უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ სამარყანდში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) და უზბეკეთის სენატის ორგანიზებით იმართება.

ინტერაქტიული პანელური დისკუსიებისა და სამუშაო ჯგუფების ფორმატში, 60 ქვეყნის პარლამენტარებმა და დარგის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის: ციფრული უსაფრთხოება; ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დაცვა კონფლიქტურ ზონაში; კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საკითხები; ასევე,  ახალგაზრდების პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებები.

დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა კოლეგებს ეროვნული კანონმდებლობის დემოკრატიულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გატარებული რეფორმების შესახებ საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს.
მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში ახალგაზრდა პარლამენტარების აქტიური ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული და გლობალური არასტაბილურობის პირობებში.  

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლიკა შარტავამ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20% კვლავ რჩება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ, რაც რიგ გამოწვებს უქმნის საქართველოს მისი მიზნების მიღწევაში.  

ლიკა შარტავამ ასევე, ისაუბრა მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDG) და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ გატარებულ რიგ რეფორმებს და მიღწეულ შედეგებს.