23-26 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ფესტივალ „Art-გენს“ უმასპინძლებს. წელს ფესტივალი მაყურებელს განახლებულ ფორმატს სთავაზობს: თანამედროვე ქართული მუსიკის პროგრამის ფარგლებში, თითოეული საფესტივალო დღის ბოლოს ორი დასკვნითი კონცერტი გაიმართება.
საფესტივალო დღეების განრიგი:
23 ივლისი: ფესტივალ „Art-გენი 2026-ის“ პირველი დღე „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება, ხოლო საღამოს მეორე დასკვნითი კონცერტით მაყურებლის წინაშე თემურიკო დიასამიძე წარდგება.
24 ივლისი: ფოლკლორული პროგრამის შემდგომ, საფესტივალო დღე Tamada-სა და ბენდ „ჩვენებურების“ კონცერტებით გაგრძელდება. მეორე დღის ფინალურ კონცერტს კი ნინო ქათამაძე გამართავს.
25 ივლისი: სცენა „ფრანსა“ და REGGAEON-ს დაეთმობა.
26 ივლისი: „Art-გენი 2026“ ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება.
დასკვნით კონცერტებამდე, დღის განმავლობაში, ფესტივალზე მოეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები და სადეგუსტაციო სივრცეები. ფოლკლორულ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები „ურმული“ და „მარგალეფი“. პროგრამის ნაწილი დაეთმობა ინოლა გურგულიას სიმღერებს, რომლებსაც მისი ოჯახის წევრებისგან შემდგარი დუეტი — თამუნა თოლორდავა და დათო შუღლიაშვილი შეასრულებს.
ლუდი „ნატახტარი“ ტრადიციულად ფესტივალის მხარდამჭერია. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ლუდი „ნატახტარი“ უმასპინძლებს, რაც ერთად ყოფნის წუთებს უფრო სასიამოვნოს გახდის.
„ლუდი „ნატახტარი“, რა თქმა უნდა, აგრძელებს ქართული კულტურის მხარდაჭერას. Art-გენი განსაკუთრებული ფესტივალია და უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ქართული ტრადიციული და თანამედროვე კულტურის პოპულარიზაციაში. გვიხარია, რომ Art-გენისა და ლუდ „ნატახტარის“ მრავალწლიანი მეგობრობა კვლავ გრძელდება და წელსაც ვუმასპინძლებთ ნამდვილი ქართული ლუდით ნამდვილ ქართულ ფესტივალზე მოსულ სტუმრებს. შეკრების დროა 23-ე Art-გენზე!“ — აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ქეთი ჟვანია.
ფესტივალის შესახებ
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, მან მთელი საქართველოს მასშტაბით უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები (მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ნიმუშები) მოიკვლია და დააარქივა. ამასთან, ფესტივალმა ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფისა და მუსიკოსის ჩამოყალიბებასა და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში, მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.
ფოლკლორის, ქართული რეწვისა და თანამედროვე საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას.