„საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია რუსეთის მიერ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება წარმოადგენს უსაფრთხოების გამოწვევას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის“. – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დღეს აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ სამი სახელმწიფოს წარმომადგენლები, არამედ როგორც პარტნიორები, რომელსაც აერთიანებს მშვიდობის, კეთილდღეობისა და განვითარების საერთო ხედვა. წლების განმავლობაში ჩვენმა თანამშრომლობამ ნათლად აჩვენა, რომ ურთერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის. საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესების გათვალისწინებას.
ჩვენი პარტნიორობის წარმატებას ადასტურებს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ სატრანსპორტო პროექტი, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი.
წლების განმავლობაში, სამმხრივი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და წარმატებული მექანიზმი გახდა. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ამ კარგი თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები. თანამედროვე საერთაშორისო გარემოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სამმხრივი ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, საერთო ინტერესების განსახორციელებლად კოორდინირებულად ვიმუშაოთ. დღეს კოლეგებთან ერთად განვიხილეთ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის განვითარების, გაძლიერების პერსპექტივები. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საქართველოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, მრავალმხრივი თანამშრომლობა. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება კეთილმეზობლობასა და ნდობას.
თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვის, კულტურულ-ტექნოლოგიურ და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს.
დღეს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და მშვიდობის უზრუნველყოფის თემებს. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა წარმოადგენს როგორც რეგიონის განვითარების, ისე უფრო ფართო საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან წინაპირობას.
ჩვენი საერთო მიზანია ჩვენი რეგიონის ჩამოყალიბება თანამშრომლობის, ეკონომიკური განვითარების, დაკავშირებადობისა და კეთილდღეობის სივრცედ, სადაც სახელმწიფოები შეძლებენ არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებას, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. გამოვთქვამთ იმედს, რომ ეს პროცესი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. თავის მხრივ, საქართველო მზად არის, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში. ასევე მივესალმებით თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი თურქეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას მტკიცე მხარდაჭერისათვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.