გაეროს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოსთვის, ეს არის საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის წამოწევის საუკეთესო შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ წელსაც თანასპონსორების გაზრდილი რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის შედეგი, რაც მოაქვს ძალიან ინტენსიურ მუშაობას გაერო-ს წევრ ქვეყნებთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს მხარდაჭერა საქართველოს ყოველთვის ჰქონდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენ ვსაუბრობთ ჰუმანიტარულ საკითხებზე, იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებზე, რაც არის შედეგი იმ ოკუპაციისა და რუსეთის იმ პოლიტიკისა, რომელიც ვიხილეთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონეზე ეს საკითხი უნდა იყოს შენარჩუნებული და მუდმივად უნდა გვქონდეს მხარდაჭერა" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე, მიიღეს რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“