მიზანმიმართული შეტევა მიდის საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე და საჯაროდ მინდა იმ ადამიანებს გადავუხადო მადლობა, ვინც ღირსეულად დგას და უძლებს ზეწოლას; ჩვენი საერთო მიზანია, ვაჩვენოთ სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა , რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მინდა მათაც მივმართო, ვინც მოქცეულია ზეწოლის ქვეშ, კარგად გაიაზრონ,რასთან გვაქვს საქმე,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.


საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარდაჭერას გამოუცხადა უწყების ყველა თანამშრომელს, მათი პოზიციის მიუხედავად და ხაზი გაუსვა სისტემის ერთიანობის მნიშვნელობას.
„მე მხარდაჭერას ვუცხადებ ყველას. არ აქვს მნიშვნელობა მოაწერეს ხელი, არ მოაწერეს ხელი, ყველა ერთნაირად არის გარკვეულად ზეწოლის მსხვერპლი, ასე ვიტყოდი. ყველაზე ერთნაირად ხორციელდება ზეწოლა, ხელის მომწერებზეც, ხელის არ მომწერებზეც. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი და რაღაცნაირად, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სისტემის სიძლიერე და გავუძლოთ ამ შემოტევას. იმასაც ვიტყვი, ეს არ ხდება მხოლოდ ქვეყნის შიდა ძალების მხრიდან, ჩვენ არაერთი განცხადება ვიხილეთ საგარეო ფლანგზე და ძალიან სამწუხაროა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ხდება მეორე სუვერენული ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ერთგვარად, გავლენის მოხდენის მცდელობები. ეს ძალიან სამწუხაროა. მე ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს დიპლომატებთან ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რა თქმა უნდა, ისინი განსაკუთრებით საჭიროებენ ჩვენს მხარდაჭერას. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, ამ გამოწვევასაც გავუმკლავდეთ და ესეც ალბათ არის რაღაც ისეთი ეტაპი, რომელიც უნდა გადავიაროთ და აქედან გამოვალთ მხოლოდ და მხოლოდ უფრო ძლიერები“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა,  მას მუდმივი კომუნიკაცია აქვს სამინისტროს თანამშრომლებთან როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

„მე გუშინაც, დღესაც ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღვნიშნე ეს და საჯაროდაც ვიტყვი, უპრეცედენტოდ დიდი ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებზე, საჯარო მოხელეებზე. მათ აიძულებენ, რომ რაღაც პოზიციები დააფიქსირონ საჯაროდ და ამით გახდნენ პოლიტიკური მანიპულაციების ობიექტები თუ სუბიექტები. ეს არის ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ ძალიან მიზანმიმართული შეტევა მიდის საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე და მე საჯაროდ მინდა იმ ადამიანებს გადავუხადო მადლობა, ვინც ღირსეულად დგას და უძლებს ამ ზეწოლას. მინდა მათაც მივმართო, ვინც გარკვეულწილად მოქცეულია ამ ზეწოლის ქვეშ, რომ გაიაზრონ კარგად, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი საერთო მიზანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა , რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. თუ ვინმეს აქვს პოზიციები, ვინმეს აქვს თუნდაც განსხვავებული მოსაზრებები გარკვეულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, გუშინაც და დღესაც, ჩემს კოლეგებთან მქონდა ამაზე საუბარი, კარი ყოველთვის ღიაა, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გვქონდეს ამ საკითხებზე ჯანსაღი დისკუსია, პოზიციების დაფიქსირება და ეს დარჩეს უწყების შიგნით, დარჩეს სამუშაო პროცესში, ვინაიდან ყველაფერი, რაც კეთდება უკვე საჯარო სამსახურებში, არის გამოყენებული სამწუხაროდ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, რაც ძალიან სამწუხაროა“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.