საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს საქართველოში ვინმეს უფლებები არის შეზღუდული და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ თავისუფლად საქმიანობის შესაძლებლობა.
ბოჭორიშვილის თქმით, უფრო მეტ კითხვას ბადებს ის პასუხები, რაც გაიცა გერმანიის ხელისუფლების მხრიდან საქართველოში დაფინანსების საკითხებზე.
„გამჭვირვალობა, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, სჭირდება არამარტო ჩვენს საზოგადოებას, სჭირდება გერმანულ საზოგადოებასაც და სხვა საზოგადოებებსაც, რომელთა გადასახადების გადამხდელთა გადასახადით, რეალურად, საქართველოში ფინანსდება ისეთი საქმიანობები, რომლებიც არ ითქმის. ეს არის ძალიან სამწუხარო. ერთი მხრივ თუ გვეუბნებიან, რომ ეს ორგანიზაციები ქართული საზოგადოებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმიანობას ახორციელებენ, წარმოუდგენელია, ამის დამალვა იყოს საჭირო ქართული საზოგადოებისთვის, უფრო მეტიც, იმ საზოგადოებისთვის, რომელიც გადასახადს იხდის სწორედ ამ საქმიანობის დაფინანსებისთვის“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
გერმანიის მთავრობამ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე, რომლებიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და ამ პროცესში გერმანიის საელჩოს, აგრეთვე, გერმანიის ელჩის მონაწილეობას შეეხებოდა, პასუხები გამოაქვეყნა. გერმანიის მთავრობამ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მოცულობა გაასაჯაროვა, თუმცა კონკრეტული ორგანიზაციები არ დაუსახელებია.