საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი შეაჯამა და ვიზიტის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრა.
„უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ განცხადებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უწყების ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე.
„საქართველოსთვის პრიორიტეტულია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება, განსაკუთრებით დაკავშირებადობის კონტექსტში. საქართველოს როლი და პოტენციალი მათთვისაც საინტერესოა. დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ამ ქვეყნების განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები უფრო გაძლიერდეს, გაღრმავდეს და ამ ურთიერთობების გაძლიერება ფართო რეგიონისთვის იყოს სასიკეთო. შესაბამისად, ვიზიტი პრეზიდენტის დონეზე, რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთობები გავაღრმავოთ ჩვენს ქვეყნებს შორის,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.