ლატვიის პრემიერისა და ესტონეთის პრეზიდენტის ინიციატივა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველო დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს და არ გახდება, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის სურვილისამებრ, არასწორი სტრატეგიული თამაშების მონაწილე.
"არათუ დიალოგის გამართვა, ქვეყანას - საქართველოს, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს რუსეთთან, განიკითხავდნენ და ამუნათებდნენ ორმხრივი სანქციების დაწესებაზე. დღეს ვხედავთ, რომ სწორედ ის ბალტიისპირეთი, რომელიც საქართველოს მოუწოდებდა უფრო მკაცრი ტონისა და მეტი სანქცირებისკენ, დღეს ერთმანეთს ასწრებენ დიალოგზე ჩასასვლელად რუსეთში. ეს არის კიდევ ერთხელ ნათელი მაგალითი იმ ორმაგი თამაშის, როგორც ევროპელი ბიუროკრატები, ასევე, ბალტიისპირეთი აწარმოებს," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
ცნობისთვის, ბალტიის ქვეყნებამდე, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენის ინიციატივა ჰქონდათ საფრანგეთის პრეზიდენტსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს.