„პრობლემა ის არის, რომ ეს სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხება. ისინი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინდოეთისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებსაც მოიცავს. ვფიქრობ, პრეზიდენტს სურს, ეს 60-დღიანი პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, თუ რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ ეკონომიკაზე და თავად აშშ-ის ეკონომიკაზეც. ვფიქრობ, კანონპროექტის მიღებისას ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მასში გამონაკლისები გაითვალისწინეს, სწორედ ის იყო, რომ საჭირო იქნებოდა გარკვეული პერიოდი ყველა ამ საკითხის შესასწავლად. - ასე შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება.
"ამჟამად მსოფლიოში ბევრი რამ ხდება, მათ შორის იზრდება ზეწოლა ენერგომომარაგებაზე. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ ირანთან დაკავშირებული ვითარებითა და ჰორმუზის სრუტეში არსებული პრობლემებით, არამედ იმითაც, რომ „ჰუსიტები“ სულ უფრო ხშირად უტევენ საუდის არაბეთს, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის ფარგლებში იერიშები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც ხორციელდება. ეს ყველაფერი გლობალურ ფასებზეც აისახება. ვფიქრობ, ყველა ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და ერთმანეთს შევადაროთ, რათა სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. მაგალითად, ინდოეთის მსგავს ქვეყნებს ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია საკუთარი ინიციატივით უკვე დაწყებული აქვთ, თუმცა ისინი კვლავაც რუსეთიდან იღებენ ენერგორესურსების მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან მომარაგების წყაროს ერთ დღეში შეცვლა რთულია.
ამასთან, ინდოეთი აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია. ამიტომ პრეზიდენტს სჭირდება ეს პერიოდი, რათა ყველა გარემოება შეისწავლოს და განსაზღვროს, რომელი ზომების კომბინაცია იქნება ყველაზე სწორი.
მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები ერთმანეთს სულ უფრო მეტად უკავშირდება და გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნავთობისა და დიზელის გლობალურ ფასებზე, არამედ ეკონომიკაზეც. ეს თავად შეერთებულ შტატებზეც აისახება. ჩვენ იმაზე მეტის გადახდა გვიწევს, ვიდრე გვსურს. თუმცა, თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ზოგიერთი მათგანი კრიზისის ზღვარზე დგას. ამიტომ ყველა ამ საკითხის ფრთხილად მართვაა საჭირო, რადგან ისინი ახლა ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. საქმე მხოლოდ ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებას აღარ ეხება. მნიშვნელოვანია ისიც, რაც საუდის არაბეთში ხდება და რა გაურკვევლობას ქმნის ეს, ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი და ის შეზღუდვები, რომლებსაც ეს კონფლიქტი გლობალურ ენერგომომარაგებას უქმნის“, – განაცხადა რუბიომ.