ჩემი უძველესი მეგობრის, გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელე, მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო და გიას მართებს უფრო დეტალური განმარტება იმ ხალხთან, ვინც გულწრფელად ნაწყენი დარჩა, მაგრამ გარდა რეჟიმის მიერ სისხლის სამართლის პიარული საქმის დაწყებისა იმ განცხადებაზე, რომელიც 10 დღის თავზე გაახსენდათ ჩვენი წარმატებული ყრილობის გადასაფარად, იმ "ოპოზიციონერების" აღტკინება უფრო გაუგებარია - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამ სამარცხვინო ქალს, საქართველოს ნამდვილ მტერს, უპირობო ლიდერად და ქართველი ხალხის გადამრჩენად მოიხსენიებდით და ქება დიდებას არ აკლებდნენ. ყველანაირ ფარისევლობას აქვს საზღვარი და ყველამ თავის თავში ჩაიხედოს.თან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, კარგა ხანია რაც ამხილა ქოც-რუსების და მათი დასმული სალომეს ტყუილი, როცა ნათლად ჩაწერა დასკვნაში, რომ ქართულ მხარეს ომის კანონები არ დაურღვევია. (და უდანაშაულო მოსახლეობის დაბომბვა, რასაც მოღალატეები გვაბრალებენ, სწორედაც რომ ომის დანაშაულია) " - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, გია ბარამიძემ განაცხადა: ვთქვი, რომ რუსულ მხარეს, სეპარატისტულ მხარეს ჰყავდა ამდენი ტყვეები და ჩვენ არ გვყავდა იმიტომ, რომ ჩვენები ხვრეტდნენ - ეს არ ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული ჯარი ხვრეტს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.