ნატა ვიბლიანი საქმეზე გამოძიება 1 თვის წინ მესტიის პოლიციაში სისხლია სამართლის კოდექსის 137 მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. როგორ "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30 პირი და საქმეზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მარიამ ბარსონიძე აცხადებს, საქმის გამოძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია პირველივე დღიდან და აბსოლუტური კოლეგიალობა აქვს გამოჩენილი.
"რა თქვა უნდა ეს არ არის სტანდარტული სისხლის სამართლის საქმე, ეს არ არის სტანდარტული ვადა გამოძიების სრულყოფილებისთვის, ბუნებრივია დიდი პერიოდი გასული გასული, თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნული დანაშაულის შინაარსს.
კონკრეტულ მუხლს, რომლითაც დაიწყო ნატა ვიბლიანის საქმის გამოძიება, ხანდაზმულობის ვადა არ ეხება.
მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იმდენად არის ჩართული პირველივე დღიდან, იმდენად ცდილობს ჩვენთან კომუნიკაციას, აბსოლუტური კოლეგიალობა აქვს გამოჩენილი და მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქმის ბოლომდე აღნიშნული მონდომება თუ ექნება კომპეტენტურ ორგანოს, რაღაც შედეგზე აუცილებლად უნდა გავიდეთ.
რაც შეეხება საბოლოო ნაბიჯს, მე ვცდილობ, აუცილებლად შევეცდებით, აუცილებლად ვიქნებით ნატა ვიბლიანი გვერდით და თითოეული საგამოძიებო მოქმედება, რაც დაიგეგმება და დაორგანიზდება, ბუნებრივია თითოეულ მათგანში მივიღებთ სრულფასოვან მონაწილეობას.
ნატა ვიბლიანის ისტორია რამდენჯერაც არ უნდა მოვისმინო, როცა პირველად გავუგე, რა რეაქციაც მქონდა ზუსტად ანალოგიური რეაქცია მაქვს. ამ ქალბატონმა საოცარი ძალა გვაჩვენა.
გამოკითხული ადამიანები შეიძლება იყვნენ თანასოფლელები, მედპერსონალი. სამწუხაროდ, გამოძიების ამ ეტაპზე ვერ ვფლობთ დეტალურ ინფორმაციას, ვინაიდან ამის საპროცესო უფლება ჯერჯერობით არ მოგვიპოვებია.
როდესაც დაზარალებულად იქნება ცნობილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, სრულად გავეცნოთ მასალებს. ამ ეტაპზე ჩვენ მოწმის სტატუსიც არ გვაქვს.
მოწმის სტატუსს შევიძენთ სამშაბათს, როდესაც მოხდება ქალბატონი ნატას გამოკითხვა და ბუნებრივი მივყვებით თითოეულ საგამოძიებო მოქმედებას. - განაცხადა მარიამ ბარსონიძემ გადაცემაში "ღია სივრცე"
შეგახსენებთ, 44 წლის ნატა ვიბლიანი სვანეთის ერთ-ერთ სოფელში 35 წლის მომხდარ საზარელ დანაშაულზე საჯაროდ ალაპარაკდა. რასაც სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ 9 წლის ასაკში მისი ნათლიის ძმამ გააუპატიურა, რის შემდეგ მასზე სექსუალური ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
მისი განცხადებით, ის 14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. აცხადებს რომ ძალით ამშობიარეს, ჩვილის ხმაც კი გაიგონა, მის შემდეგ კი ბავშვის შესახებ არაფერი იცის.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ მასზე ძალადობის და გაუპატიურების შესახებ სოფელში ყველამ იცოდა, თუმცა მის დასაცავად არავინ გამოსულა. ბოლოს კი თანასოფლელებმა და ნათესავებმა სოფლიდან გააძევეს.
ინფორმაციისთვის, გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-ე–141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჯგუფურად;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე.
4. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
გ) ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.