ვფიქრობ, აუცილებელია აგვისტოს ომის თემას და ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებულ სპეკულაციებს კვლავ მივუბრუნდეთ, რადგან როგორც არაერთხელ დავრწმუნდით, რადიკალური აგენტურა ამ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის აქტიურად იყენებს. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს.
"ნურავინ იფიქრებს, რომ სააკაშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა მიდგომა შეცვალა. რეალურად, როდესაც ფაქტებით დადასტურდა, რომ 7 აგვისტოს საომარი მოქმედებები უკვე მიმდინარეობდა და 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღად წარმოჩენა აგენტურისთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იყო, გარე დავალების შესაბამისად, მომენტალურად შეცვალეს ნარატივი და ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო დასახელდა.
ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას კარგად ახსოვს აგენტურის ის სამარცხვინო კამპანია, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ის ე.წ. ნჯო-ები, რომლებიც, რეალურად, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მთავარ წყაროს წარმოადგენენ და იმავე გარე პატრონების აგენტურას წარმოადგენენ. მანამ, სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, ისინიც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ნჯოშნიკები“, მაგალითად, გიორგი ბურჯანაძე და საბა ბრაჭველი აპიარებდნენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მითუმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის უახლეს წარსულზე ღიად და საჯაროდ მიმდინარეობს დისკუსია, როდესაც აშკარად იკვეთება გარე ძალების ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში, მათი აგენტურა კი გაშიფრულია, დღეს, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული მოვლენების შეფასება ემყარებოდეს ფაქტებს და არა პოლიტიკურ ინტერესებს. აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი ტრაგედიაა და მისი გამოყენება ვიწროპარტიული მიზნებისთვის დაუშვებელია - წერს ნინო წილოსანი "ფეისბუკში".