ოზურგეთში, ჯუმათის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

პროექტი 6-კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში  დასრულებულია საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების მშენებლობა. ამ ეტაპზე 2 კილომეტრ-ნახევარზე ასფალტის საფარი უკვე დაგებულია, პარალელურად კი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 4 მილიონ 200 ათას ლარს შეადგენს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.