„ეს დღე გვახსენებს იმას, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ყოველდღიური ამოცანაა; ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომელიც ზრუნავს ადამიანზე, უსმენს მოქალაქეებს და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს ამაყი, ბედნიერი და მას ჰქონდეს მომავლის იმედი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.
იუსტიციის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს დამოუკიდებლობა და აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაფუძნება არაერთი თაობის ბრძოლის შედეგად გახდა შესაძლებელი და ის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო იყო ევროპაში.
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია იყო ევროპის ერთ-ერთი მოწინავე კონსტიტუცია. ძალიან ბევრ ევროპის ქვეყანას არ ჰქონდა ამ ტიპის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია... მოგეხსენებათ, რომ 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა და მისი საფუძველი სწორედ ის კონსტიტუცია იყო, რომელიც 1918 წელს შეიქმნა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ საქართველოს, იყოს ძლიერი და, რა თქმა უნდა, ერთიანი“, – განაცხადა პაატა სალიამ.