„სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა. მოგეხსენებათ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ზნეობრივ ფასეულობების დაცვას. წელს პირველად ვხვდებით ამ დღეს მის გარეშე, თუმცა დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა. ის სიყვარული, ერთობა და ოჯახური სიწმინდისადმი პატივისცემა, რომელთაც იგი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ამკვიდრებდა ჩვენს ხალხში. რა თქმა უნდა, ასევე გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამებაში ქადაგებისას განაცხადა.
ჩვენ ძმური ერთობით შევიკრიბეთ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, რათა მშვიდობით და მადლიერებით ვადიდოთ ყოვლადმოწყალე უფალი. განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს, მადლობას გიხდით აქ ჩამობრძანებისთვის. ეს არის დასტური ჩვენი ეკლესიების სულიერი ერთობის და ქრისტესმიერი სიყვარულის. გვწამს რომ სწორედ ამ ერთობის და სისავსით განტკიცდება ჩვენი რწმენა და ჩვენი ეკლესიების ერთობა.
დღეს თქვენს წინაშე მდგარი სიმდაბლით და კრძალვით, კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლად მოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის. ერთი მხრივ, გაცნობიერებული მაქვს ამ მოწოდების სიდიადე და ჯვრის სიმძიმე, მეორე მხრივ კი, ვგრძნობ ჩემს ადამიანურ სიმწირესა და უძლურებას, ამიტომ თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მმატებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩვენს სულიერ შვილებს, ჩვენს სამღვდელოებას და ბერ-მონაზვნებს ლოცვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის, ამ დღეებში რომ ასე შეგვეწეოდა, გვამხნევებდა, გვმატებდა ძალას და სიმტკიცეს“, – განაცხადა პატრიარქმა.