როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში თუ ზოგადად, ევროპულ ბიუროკრატიაში, მაშინვე განახლდება დიალოგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"1 წლის და მეტი დროის განმავლობაში ქვეყნის ცენტრალური გამზირი იყო გადაკეტილი. 150-მა „ნაცმა“ შეაწუხა მთელი საქართველო. ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი და ახლა არ მოსწონთ ეს კანონი. აქედან ხომ ჩანს, რომ 150 „ნაცის“ მიერ 3 900 000 კაცის შეწუხება მოსწონს ევროპარლამენტს. ტროტუარზეც იგივეა. როგორც კი შევუზღუდეთ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, მერე დაიწყეს ტროტუარებზე სიარული და ტროტუარების გადაკეტვა. 150 კაცი რომ ხარ, დადექი და წყნარად იყავი. სადაც გინდა იქ დადექი, ტროტუარზე, ოღონდ არ შეუშალო სხვას ხელი. ეს კანონი მიღებული იქნა იმის გამო, რომ ისინი კეტავდნენ, მანიფესტაციებს აწყობდნენ ტროტუარებზე იმისათვის, რომ 150 კაცით დისკომფორტი შეექმნათ თბილისის მოსახლეობისთვის. ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი, აბსოლუტურად გამართული კანონია. ეს არ მოსწონს ევროპარლამენტს. გამოდის, რომ მათ მოსწონთ 150 კაცის მიერ 3 900 000 ადამიანის შეწუხება. არ შეიძლება, რომ 150 „ნაცი“ აწუხებდეს 3 900 000 ადამიანს საქართველოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.