უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით ძალიან გააქტიურებულია მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს ნორმატიული ბაზის გამკაცრებისთვის. 

„გარემოს დაცვის სფეროში გვაქვს კონკრეტული შედეგები. ქვეყნის მასშტაბით გრძელდება საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა. ასევე, უცხოელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება პროექტი მყინვარების შეფასება-შესწავლის მიმართულებით. შედეგები გვექნება შემოდგომაზე, რაც მოგვცემს საფრთხეების   ეფექტიანი პრევენციის  შესაძლებლობას. სხვა მიმართულებით განხორციელდა ტყის აღდგენა-განაშენიანების ღონისძიებები 2 120 ჰა ფართოებზე. ტყის აღრიცხვის სამუშაოები განხორციელდა 124 000 ჰა ფართობზე, 2025-2026 წლებში დაგეგმილია სამუშაოები 126 000-ს ჰექტარზე მეტ ფართობზე. 

მინდა განვაცხადო, რომ უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით ძალიან გააქტიურებულია მუშაობა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, რომელიც დაგვეხმარა ნორმატიული ბაზის გამკაცრებაში ამ მიმართულებით. მაქსიმალურად მკაცრის ზომები იქნება მიღებული ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე დანაშაული. ტყე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმდიდრე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ვალია ტყე მაქსიმალურად შევუნახოთ მომავალ თაობებს. აქედან გამომდინარე, ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ უდიერად მოეპყროს ჩვენთვის უმნიშვნელოვანის სიკეთეს,  ტყეს ჩვენს ქვეყანაში. ზომები იქნება უმკაცრესი. 

ასევე, გარემოს დაცვის სფეროში მინდა განვაცხადო, რომ აშენდა არასახიფათო ნარჩენების 2 განთავსების ობიექტი და ნარჩენების გადამტვირთავი 2 სადგური, 8 ქალაქში ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი. ასევე, მიღებული ზომების შედეგად, 12 ლოკაციაზე ხორციელდება შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც განხორციელდა გარემოს დაცვის სფეროში“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.