წარმატებით გრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფუნქციონირება, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად მთლიანად ჩვენს მოსახლეობას და ამ პროგრამის შედეგები არის შთამბეჭდავი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაზიარდა 4-ჯერ და კიდევ უფრო მეტად. მანამდე ეს იყო პრაქტიკულად მიტოვებული სფერო, ადამიანებზე ზრუნვა არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი, ეს ყველას ძალიან კარგად გახსოვთ. თავისთავად უკვე სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი ხელისუფლება ადამიანებზე ზრუნვას და კონკრეტულად ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. 4-ჯერ და მეტად არის გაზრდილი დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში. შესაბამისად, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 2012 წლის შემდეგ შემცირდა 73%-დან 41%-მდე, აქაც ხედავთ, რომ შთამბეჭდავი განსხვავებაა. გრძელდება ყველა წარმატებული ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, სოფლის ამბულატორიებს დაეთმო განსაკუთრებული ყურადღება, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აშენდა და აღიჭურვა 22 სოფლის ამბულატორია, დაიწყო 12 ახალი ამბულატორიის მშენებლობა, დაგეგმილია დამატებით 4 ამბულატორიის მშენებლობა.
„ეს არის მიმდინარე პროცესი. 50 ამბულატორიაში განახლდა აპარატურა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.