საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

გრიგოლ ვარდოსანიძეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ერთი პირის სიცოცხლის მოსპობა.

გრიგოლ ვარდოსანიძე 2009 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით იქნა დაკავებული და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის თანახმად განახევრდა და საბოლოოდ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე 2 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა მართვის უფლება, მასვე საქართველოს სსსკ 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის განაჩენით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის განაჩენი.

საქმეზე ჩატარებული ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიებით დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები. ხელახალი გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობამ გამორიცხა გრიგოლ ვარდოსანიძის მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.