ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგზაო დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტის ტექნიკა დილიდან ახორციელებენ მიწის მასისგან გზების გაწმენდით სამუშაოებს.
19 სექტემბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ერთეულში გარკვეული შეფერხებები წარმოიქმნა.
ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები. უკვე განხორციელდა ამოტუმბვითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტში ამ დრომდე შემოდის შეტყობინებები არსებული მდგომარეობის შესახებ. მერიის ყველა სამსახური ეტაპობრივად ახორციელებს ადგილზე გასვლას და მდგომარეობის შესწავლას.
სოფლებში ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, ქობულეთის მერიის სტიქიის სალიკვიდაციო კომისია განიხილავს. - ნათქვამია ქობულეთის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.