ქუთაისის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდულ საკითხებზე ორიენტირებული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები დაიწყო. 

ტრენინგის მონაწილეებს ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია შეხვდნენ.

ღონისძიება პროექტის ,,ახალგაზრდობაზე ორიენტირებული გაერთიანება შავი ზღვის აუზში რეგიონული მონაწილეობითი ჩართულობის ტრანსფორმაციული და ჰოლისტიკური მიდგომისთვის“ ფარგლებში გაიმართა. 

სამდღიანი ტრენინგი მოიცავს ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული მონაწილეობითი მმართველობის მოდელების განხილვასა და შავი ზღვის რეგიონის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ახალგაზრდების მონაწილეობის სამართლებრივი და კულტურული ბარიერების იდენტიფიცირებას, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის სტრატეგიების ერთობლივ შემუშავებას.

პროექტს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირის თანადაფინანსებით ახორციელებს. პროექტი აერთიანებს საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ბულგარეთის მუნიციპალიტეტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საერთო მიზანია ადგილობრივ და რეგიონულ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების მნიშვნელოვანი და ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერება.