ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაჭაში საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს ახორციელებს.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს შესაბამისი უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნო.

რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ონში საფეხბურთო, ხოლო ამბროლაურში რაგბის ტექნიკურ ცენტრებს აშენებს. ორივე ცენტრში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო მოედნები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სამედიცინო და სხვა საჭირო სივრცეები. ამბროლაურის რაგბის სტადიონზე ასევე დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, ხოლო ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლებაც. სოფელ ბუგეულში აქტიურად მიმდინარეობს 200 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს შენობის გამაგრებას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვას. პროექტის განხორციელების შედეგად შემცირდება შენობის ენერგომოხმარება, ასევე ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები.

დასასრულს უახლოვდება სოფელ ჭრებალოს 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაც. განახლებულ ბაღში მოეწყობა სასწავლო, საძინებელი და სათამაშო სივრცეები, სამზარეულო და რეკრეაციული ზონა. ინფრასტრუქტურა ბავშვების უსაფრთხოებისა და სრულფასოვანი სასწავლო-სააღმზრდელო გარემოსთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჭრებალო–ნიკორწმინდის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე, მდინარე რიონზე ახალი სახიდე გადასასვლელიც შენდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 98 მეტრი სიგრძის რკინაბეტონის ხიდისა და მასთან მისასვლელი გზების მოწყობა. 25.8 კმ სიგრძის ჭრებალო–ნიკორწმინდის გზა სოფელ ჭრებალოს სოფელ ნიკორწმინდასთან აკავშირებს და, ამავდროულად, ერთმანეთთან აკავშირებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ალპანა–მამისონის უღელტეხილისა და ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზებს. ახალი ხიდი გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს და რეგიონის დასახლებებს შორის უსაფრთხო და გამართულ კავშირს უზრუნველყოფს. პროექტის დასრულება 2026 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

რაჭაში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მინისტრი შოვშიც იმყოფებოდა. 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებთან შეთანხმებით, ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოებს განახორციელებს.