უზრუნველყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ წყალმომარაგების სექტორში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, წყალმომარაგების სისტემების განვითარება ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს, ამ მიმართულებით დაფინანსება 2012 წელთან შედარებით 20-ჯერ არის გაზრდილი.
მისი თქმით, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ 49 ქალაქში ოპერირებს და 950 000 ბენეფიციარს ემსახურება.
დღეის მდგომარეობით, 31 ქალაქი უკვე სარგებლობს სტანდარტების შესაბამისი, უწყვეტი წყალმომარაგებით, ხოლო 2028 წლისთვის ქვეყნის ყველა ქალაქი სრულად იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სოფლებში არსებულ გამოწვევებს დააღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, დაწყებულია ახალი პროგრამა. „პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ სოფელში 150 000-ზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს სტანდარტის შესაბამის, უწყვეტ წყალს“ -განაცხადა სოხაძემ. მინისტრმა ღიად ისაუბრა ხარვეზებზეც და ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად არასწორი პროექტირება დაასახელა, რაც სამუშაოების გაჭიანურებას იწვევს. მან ბოდიში მოუხადა იმ დასახლებების მაცხოვრებლებს -მათ შორის ბაკურიანისა და ხაშურის, რომლებიც დაუსრულებელი სამუშაოების გამო დისკომფორტს განიცდიან და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. მისი თქმით, დაბა ბაკურიანის პრობლემა უკვე წელს მოგვარდება. სოხაძის განცხადებით, მომავალი წლების განმავლობაში, პრემიერმინისტრის დავალებით, დაგეგმილია ყველა ქალაქისა და 19 ტურისტული ობიექტის წყალარინების სისტემის მოწყობა, რომელთა ჯამური ღირებულება, დაახლოებით 4 მილიარდი ლარი იქნება. „ამ მოცულობის ინვესტიციის განხორციელება საბოლოოდ დაასრულებს წყალმომარაგებისა და წყალარინების პრობლემას ქვეყანაში“ - განაცხადა მინისტრმა.