"აქ ბრალეულობაზე არ არის საუბარი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დადო შესაბამისი დასკვნა და, როგორც კი ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემოვიდა, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, განათლების სამინისტროს გადაეგზავნა. განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისის N 21 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით.
თბილისის N21 საჯარო სკოლაში ( ყოფილ მე-6 გერმანულ სკოლაში), სასწავლო პროცესი 18 სექტემბრიდან ოფიციალურად შეჩერდა. გადაწყვეტილების საფუძველი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც სკოლის შენობა ავარიულია.
მინისტრის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ დოკუმენტი შესაბამისი პროცედურების გავლით განათლების სამინისტროს გადაეგზავნა, რის საფუძველზეც უწყებამ სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო პრობლემების მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს.
„ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც არის განათლების სექტორში. ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები ამ სფეროში რაც შეიძლება მალე და ოპერატიულად გადაწყდეს“ -განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე თვისა და კვირის განმავლობაში ათეულობით სკოლაზე გამოცხადდა სარეაბილიტაციო და სამშენებლო ტენდერები.
„ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებთ, სადაც არის პრობლემა. პრობლემებს არ გავურბივართ და არ ვმალავთ — რაც არის პრობლემატური, იმაზეც ღიად ვესაუბრებით საზოგადოებას“, — აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის განცხადებით, პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა მოცულობის ტიპური სკოლების დაპროექტება, რომელთა მშენებლობის ტენდერების გამოცხადება წლის ბოლოს იგეგმება.
რევაზ სოხაძემ ასევე განმარტა, რომ ცალკეულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა. მისი თქმით, რიგ შემთხვევებში კომპანიების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურებიც მიმდინარეობს.
„მიტოვებული მშენებლობები გვაქვს, არიან კომპანიები, რომელთა წინააღმდეგაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, ზუსტად იმიტომ, რომ მათ ვერ შეასრულეს თავის დროზე თავიანთი ვალდებულება“ - განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ასეთ ობიექტებზე სამუშაოების განახლებას შესაბამისი პროცედურების გავლა სჭირდება, მათ შორის ინვენტარიზაცია. პროცედურების დასრულების შემდეგ კი ახალი ტენდერი ცხადდება და პროექტის გაგრძელება ხდება შესაძლებელი.
ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგვარდეს.