რუსთაველის ეროვნულ თეატრში, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გვაქვს უთვალავი ფერითა“ გაიმართა.

საღამოზე წარმოდგენილი იყო ნაწყვეტები თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრისა და ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლებიდან. ასევე, შესრულდა მუსიკალური  ნომრები, ვოკალური და ქორეოგრაფიული კომპოზიციები, რომლებიც სხვადასხვა კულტურულ და ეთნიკურ მოტივს აერთიანებდა.

საღამოს რეჟისორი იყო ნიკოლოზ საბაშვილი, წამყვანი - ნიკოლოზ წულუკიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: დავით მაზანაშვილი და სიმფონიური ორკესტრი, მედოლე ბავშვთა ანსამბლი ნინოწმინდიდან, "თეატრალურის კვარტეტი", ნუკრი კაპანაძე, ნარგილე მეჰთიევა, მარინა საღარაძე,  ეკა კახიანი,  თამარ გვერდწითელი და  მურო გაგოშიძის „ცეკვის ლაბორატორია“.

საღამოზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში კულტურებისა და რელიგიების თანაარსებობისა და ურთიერთპატივისცემის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე. 

"ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა ეთნოსის ჰარმონიული თანაცხოვრების ხანგრძლივი  ისტორიით გამოირჩევა.  ეს მეგობრობა  და კულტურული მრავალფეროვნებაა ჩვენი სიმდიდრე, რომლითაც მთელ მსოფლიოში გვიცნობენ. მადლობა მინდა გადავუხადო შემოქმედებით ჯგუფს ამ ძალიან საინტერესო საღამოსთვის", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები.

კულტურული მრავალფეროვნების დღე მსოფლიოში 2002 წლიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო 2001 წელს UNESCO-ს მიერ კულტურული მრავალფეროვნების შესახებ მიღებული უნივერსალური დეკლარაცია.

ამ დღის აღნიშვნა ხაზს უსვამს კულტურათაშორისი დიალოგის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მშვიდობის, თანასწორობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში.