საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში სპექტაკლის „ჩვენი კლასი“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა.
„რუსთავის თეატრმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრემიერას უმასპინძლა. კულტურის სამინისტროსთვის პრიორიტეტია მხარი დაუჭიროს პროექტებს, რომლებიც ქართულ თეატრს ახალ შემოქმედებით შესაძლებლობებს აძლევს და მაყურებელთან მნიშვნელოვან თემებზე საუბრის სივრცეს ქმნის. რუსთავის თეატრს ვუსურვებ წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას“,- განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემ.
საპრემიერო ჩვენებას, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან ერთად, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი და კულტურის სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლონელი დრამატურგის, თადიუს სლობოდზნიაკის პიესა „ერთი კლასი“ XX საუკუნის ისტორიულ მოვლენებს ასახავს.
სპექტაკლის ინსცენირების ავტორი და რეჟისორი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრის დირექტორი სოსო ნემსაძეა.
სპექტაკლი საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით დაიდგა.