სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მე-3, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოძრაობა ახლა გზაზე გადაერთვება. აღნიშნული გზის ლანჩხუთი-ლესას 6 კმ-იანი ახალი გზა 2025 წლის ბოლოს გაიხსნა.
პროექტი, საერთო ჯამში, 12 კმ. სიგრძის 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებდა. ახალი გზა გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გვიმბალაირს, ქვემო ჩიბათს და ნიგოეთს გადის.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობდა.
აღნიშნული გზა საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნული მაგისტრალის ნაწილია და საერთო ჯამში, 52 კმ-იანია – იწყება ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან.
მესამე მონაკვეთის სრულად გახსნის შემდეგ, სამტრედია-გრიგოლეთის 42.5 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში იქნება შესული, დარჩენილ 9.5 კმ-იან მონაკვეთზე კი მოძრაობის გახსნა მომავალ წელს არის დაგეგმილი.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში 324.6 მილიონი ლარით დაფინანსდა.