სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მერის პირველ მოადგილე ამირან თევდორაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ჯიხაიშში საგზაო სამუშაოები №44 ქუჩაზე მიმდინარეობს. პარალელურად, გზების მოწყობა ხორციელდება №6 და №13 ქუჩებზე. განხორციელებული პროექტების შედეგად, ჯიხაიშში დაახლოებით 40 ქუჩაზე, ჯამში 100 კილომეტრამდე გზა დაიგო და სოფელი საგზაო ინფრასტრუქტურით თითქმის სრულად დაიფარა.

ვაზისუბანში მოეწყო ყოფილი მეურნეობის საცხოვრებელ კორპუსამდე მისასვლელი გზა. ასევე მოგვარდა ადგილობრივი მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა.

ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ტროტუარების კეთილმოწყობა იგება ფილები და წესრიგდება საფეხმავლო სივრცეები.

მუნიციპალიტეტში გრძელდება სოციალური სახლების მშენებლობის პროგრამაც. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა დღემდე 11 ოჯახს ახალი სახლი აუშენა, ამ ეტაპზე კი დამატებით ოთხი სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას გაესაუბრნენ.

„მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად და მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისად ხორციელდება. ჯიხაიშში გზების მოწყობის მასშტაბური სამუშაოების შედეგად, სოფელი საგზაო ინფრასტრუქტურით თითქმის სრულად დაიფარა. პარალელურად, ვაწესრიგებთ ქალაქის ტროტუარებს, ვაგვარებთ წყალმომარაგების პრობლემებს და ვაგრძელებთ სოციალური სახლების მშენებლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული პროექტი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურებოდეს” , — აღნიშნა დავით ბახტაძემ.