საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ეროვნული არქივების ევროპული საბჭოს (EBNA) 51-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
უმნიშვნელოვანესი პროფესიული ღონისძიება კვიპროსის სახელმწიფო არქივის ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციის პარალელურად ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა, შეხვედრები გამართა არქივების საერთაშორისო საბჭოსა (ICA) და მისი ევროპული განყოფილების (EURBICA) თავმჯდომარეებთან; ევროპელ კოლეგებთან განიხილა პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები.
აღსანიშნავია, რომ ახალი ინსტიტუციური კავშირების საშუალებით ეროვნული არქივი თანამშრომლობას გააღრმავებს ბრიტანეთისა და ფინეთის არქივებთან ელექტრონული არქივაციის მიმართულებით, ლუქსემბურგისა და პოლონეთის არქივებთან - ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სამშენებლო სტანდარტების თემაზე, საბერძნეთის ეროვნულ არქივთან - დოკუმენტების რესტავრაცია/კონსერვაციის საკითხებზე.
წლევანდელ კონფერენციაზე ევროპელმა არქივისტებმა და დარგის სპეციალისტებმა საარქივო სფეროში არსებული ძირითადი გამოწვევები და პრიორიტეტები მიმოიხილეს.
ისაუბრეს მდგრადი საარქივო საცავების შექმნის აუცილებლობაზე, დოკუმენტების დიგიტალიზაციაზე, დოკუმენტური მემკვიდრეობის დაცვაზე, არქივების მიგრაციაზე, საერთაშორისო საარქივო თანამშრომლობასა და არქივების როლზე კულტურული მეხსიერების შენარჩუნებაში.
საქართველოს ეროვნული არქივისთვის EBNA-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანი პროფესიული შესაძლებლობა და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.