შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ინსპექტირების სამსახურის ახალი ბრენდირებული ავტომობილები, თანამედროვე სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა, მათ შორის თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატები,  ასევე ინდივიდუალური ეკიპირება და საველე ინვენტარი, რომლებიც თანამშრომლებს ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანად შესრულებაში დაეხმარება.

ღონისძიება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიგლა თამაზაშვილმა გახსნა. მან ინსპექტირების სამსახურის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განხორციელებული რეფორმა მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის შესაძლებლობას.

„გაძლიერებული ინსპექტირების სამსახური და თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობები მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და კიდევ უფრო მოქნილსა და მომხმარებელზე ორიენტირებულს გახდის. აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების სამსახურის ფუნქცია მხოლოდ დარღვევების გამოვლენა და საჯარიმო სანქციების დაწესება არ არის - ის გახდება დამაკავშირებელი რგოლი კომპანიასა და მომხმარებელს შორის და ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ ნებისმიერ პრობლემაზე კომპანიის მხრიდან ოპერატიული რეაგირება იქნება,“ - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ზურაბ ეზუგბაია, სამინისტროს სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, სემეკის, დონორი ორგანიზაციისა და „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები.  

„ინსპექტირების სამსახურის გაძლიერება კომპანიის ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მასზეა დამოკიდებული „საქართველოს მელიორაციის“ როგორც კომერციული ეფექტიანობა, ასევე ტექნიკური უსაფრთხოება. თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაცია კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, ოპერატიულად და ზუსტად შეაფასოს  ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და დროულად მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და დაიხვეწება ოპერატიული რეაგირების მექანიზმები,“ _ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ.

დრონები შპს „საქართველოს მელიორაციას“ მსოფლიო ბანკმა, საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ირიგაციის (GRAIL) პროექტის ფარგლებში გადასცა, რაც კომპანიის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებისა და თანამედროვე მონიტორინგის სისტემების დანერგვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატები კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, სწრაფად შეაფასოს საირიგაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, დროულად გამოავლინოს ტექნიკური პრობლემები, გააკონტროლოს ფართო ტერიტორიები და ეფექტიანად დაგეგმოს შესაბამისი რეაგირება.