საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებზე, კულტურულ სიახლოვეზე, საერთო ღირებულებებსა და თანამედროვე გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საერთო კულტურული იდენტობა და ორივე სახელმწიფოს წინაშე მდგარი კომპლექსური გამოწვევები მყარ საფუძველს ქმნის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთის პოზიციების მხარდაჭერისთვის.
მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებულ დინამიკას. აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2025 წლის დეკემბერში ბელგრადში განხორციელებული ვიზიტი პრეზიდენტის დონეზე გამართული პირველი ვიზიტი იყო, დღეს კი პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველად სტუმრობს თბილისს, რაც საქართველო-სერბეთის პარტნიორობასა და ორმხრივ დიალოგს თვისებრივად ახალ იმპულსს შესძენს.
შეხვედრისას ლიდერებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე ყურადღება გაამახვილეს გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. გაჟღერდა, რომ საერთაშორისო წესრიგისა და ძალთა ბალანსის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის ფონზე, ორივე რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი საკვანძო რგოლი, დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან პარტნიორობის გაფართოებით, რაც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარებას.
შეხვედრაზე მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია, რასაც მოწმობს სამხრეთ კავკასიაში ქვეყნის ტრადიციული სამშვიდობო პოლიტიკაც, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში გრძელვადიანი, მდგრადი სტაბილურობის მიღწევასა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთნდობის გაღრმავებას.
საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ორბელიანების სასახლის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს