იუსტიციის სახლის განცხადება.
"იუსტიციის სახლის რუსთავის ფილიალში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. სარემონტო სამუშაოების შედეგად სრულად განახლდება მომსახურების სივრცე, სერვისების მიწოდების ხარისხის გაზრდის მიზნით, შეიცვლება სივრცის დაგეგმარება, გაფართოვდება მომსახურების დარბაზი და გაუმჯობესდება მომხმარებელთა ნაკადის მართვა, რაც ხელს შეუწყობს ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას.
სარემონტო სამუშაოების პარალელურად, მომხმარებლისთვის სერვისის უწყვეტად მიწოდების მიზნით, რუსთავის იუსტიციის სახლის დროებითი ფილიალი ამოქმედდა. სასურველი სერვისის მისაღებად, მომხმარებლებმა იუსტიციის სახლის ფილიალს უნდა მიმართონ მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი, №89 („რუსთავი მოლის“ შენობა). 500-ზე მეტი სერვისის მიღება მომხმარებელს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეძლება. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, რუსთავში, მეგობრობის გამზირის №29-ში მდებარე ფილიალი არ იმუშავებს.
მომსახურების სივრცის განახლება, უკანასკნელი წლების განმავლობაში, იუსტიციის სახლის სერვისების რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. მოქალაქეთა მაღალხარისხიანი მომსახურება და მათ საჭიროებებზე ზრუნვა იუსტიციის სამინისტროს უცვლელი პრიორიტეტია. უწყება მუდმივად მუშაობს სახელმწიფო თუ კერძო სერვისების მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე." - ნათქვამია იუსტიციის სახლის გავრცელებულ განცხადებაში.