მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობა, სახელისუფლებო გუნდის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.  2023 წლის 1 იანვრიდან დღემდე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით, 656 400 ლარის ფარგლებში, დახმარება 2 278 მოქალაქეს გაეწია.  

მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიურად, 200 სოციალურად დაუცველი და მეურვეობამოკლებული მოქალაქის კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება, რისთვისაც, 5 თვის მანძილზე, 145 500 ლარი დაიხარჯა.  ჯანმრთელობაგაუარესებული 472 მოქალაქის სამედიცინო მომსახურებაზე 184 000 ლარი დაიხარჯა.  129 ონკოლოგიურ პაციენტს სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურება, ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის კურსები, ასევე მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები დაუფინანსდა.  ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 113 პირს, 57 780 ლარის ფარგლებში, სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება გაეწია.  სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ხანძრის შედეგად დაზარალებულ 4 მოქალაქეს გაუწია დახმარება, რამაც 13 500 ლარი შეადგინა.

გრძელდება სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ფარგლებში, ასევე, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, სამ ბენეფიციარს ფინანსური დახმარება გაეწია. პირველი და მეორე კვარტლის მანძილზე, გაწეულმა დახმარებამ 16 300 ლარი შეადგინა.  თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ 23 მოქალაქეს, დიალიზის ცენტრამდე ტრანსპორტირების ყოველთვიური 200 ლარი დაუფინანსდა, რამაც პორველ და მეორე კვარტალში 25 600 ლარი შეადგინა.  შშმ პირებს, ვეტერანებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს - 450 მოქალაქეს, 43 000 ლარის ფარგლებში, უფასო მედიკამენტური დახმარება გაეწია.  ბავშვთა ზრუნვის პროგრამის ფარგლებში, იშვიათი დაავადების მქონე და დედ-მამით ობოლმა მოზარდებმა მიიღეს ყოველთვიური დახმარება - 10 337 ლარის ოდენობით.  

მრავალშვილიან ოჯახთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, 97 მრავალშვილიან ოჯახს, 118 700 ლარის ფარგლებში, ფინანსური დახმარება გაეწია.  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის, მხედველობის პრობლემის მქონე და სმენადაქვეითებულ 130 პირს, 44 300 ლარის ფარგლებში, გაეწია დახმარება.  გარდაცვლილ დევნილ მოქალაქეთა და ომის ვეტერანთა 22 ოჯახს, 6 600 ლარის ფარგლებში, სარიტუალო მომსახურეობა გაეწია.  მიმდინარე წელს, პირველად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეგისტრირებული აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდების განვითარების სტიმულირების, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის, ბავშვებისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ხორციელდება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის მიზანია შემეცნებითი, სოციალურ – ემოციური, სოციალური განვითარების, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.  ამ ეტაპისათვის, პროგრამის ფარგლებში, მომსახურებას 19 მოზარდი იღებს. პროგრამის ბიუჯეტი 72 000 ლარს შეადგენს.  2023 წელს, ასევე პირველად, სოციალური ღონისძიების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის 105 წლისთავზე, სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 290 ვეტერანს გაეწია ერთჯერადი ფულადი დახმარება.