აქტიურად მუშაობს საგამოძიებო კომისია, საზოგადოება თვალყურს ადევნებს ჩვენებებს, საერთო ჯამში, ვნახეთ, რამდენად მოღალატეობრივი იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაშინდელი მოქმედებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „მნიშვნელოვანია, შესწავლილი და შეფასებული იქნას „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის განგრძობითი დანაშაული“.

„რამდენიმე დღეა, აქტიურად მუშაობს საგამოძიებო კომისია. ჩვენი საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს ჩვენებებს, რომლებსაც საგამოძიებო კომისიას აძლევენ სხვადასხვა მოქალაქეები. ამ დღეებშიც რაც ვნახეთ, უკვე ჩანს ის მძიმე სურათი, რომელიც სპორადულად, ფრაგმენტულად ვიცოდით, ზოგს შესაძლოა, მეხსიერებაშიც აღარ ჰქონდა და ამით განიახლა საკუთარი მეხსიერებაც, აღვიდგინეთ, თუ რა რეჟიმში ცხოვრობდა საქართველო 2012 წლამდე. რეჟიმში, რომელიც მხარდაჭერილი იყო გარედან, რომელსაც უგებდნენ წითელ ხალიჩებს, აცხადებდნენ დემოკრატიის შუქურად. ვხედავთ, სინამდვილეში, რა ანატომია ჰქონდა ამ რეჟიმს, რომელიც დაკავებული იყო ბიზნესის რეკეტით. მოვისმინეთ ისტორიები, როგორ იყენებდნენ როგორც პენიტენციურ დაწესებულებას, ისე საბანკო სისტემას, რათა ეიძულებინათ ბიზნესმენები, დაეთმოთ საკუთარი ბიზნესები სხვათა სასარგებლოდ. ასევე მა დღეებში ვისმენთ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, თუ როგორი ქაოსური იყო მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებები. ვნახეთ პოლიტიკის ჩარევა სამხედრო გადაწყვეტილებებში, ვნახეთ, საერთო ჯამში, რამდენად მოღალატეობრივი იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაშინდელი მოქმედებები.

მოვისმინეთ ისტორიები, რაც მანამდეც გვსმენია, რამდენად უყურებდნენ ისინი ომს, როგორც პიარს და არა როგორც ველს, როდესაც მნიშვნელოვანია სწორი სამხედრო გადაწყვეტილებების მიღება. მოვისმინეთ კოდორთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, უბრძოლველად მიატოვეს ხეობა,  რომლის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფაქტობრივ და სამართლებრივ სივრცეში ყოფნა წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით იყო უზრუნველყოფილი. ეს ისტორიები კიდევ გაგრძელდება. ასე რომ, ამანაც გამოაჩინა, მათ შორის იგივე ძალა შემდეგ სხვადასხვა კონფიგურაციით როგორ აგრძელებდა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას. ვხედავდით, ვისმენთ ისტორიებს, მაშინ საბანკო სექტორში მყოფი ხაზარაძე როგორ არეკეტებდა ბიზნესებს, როგორ იყენებდნენ მას სწორედ რეკეტისთვის. დღეს იგივე ხალხი არის პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი ქოლგის ქვეშ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, შესწავლილი და შეფასებული იქნას „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის განგრძობითი დანაშაული მათი ხელისუფლებაში ყოფნისა და ხელისუფლებაში არყოფნის დროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.